სასწავლო წელს ონლაინ სწავლებით განვაგრძობთ!
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?
როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია?
გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ ვითარებას, როდესაც დაავადება არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების უმრავლესობა ავადდება. ყველაზე ხშირად საუბარია ინფექციურ დაავადებებზე, თუმცა ხანდახან გაცხიმოვნების პანდემიასა და მეორე ტიპის დაიბეტზეც ამახვილებენ ყურადღებას. თითოეული მათგანი ცხოვრების წესის ცვლილებას უკავშირდება.
კლასიკური გაგებით პანდემიაში იგულისხმება დაავადება, რომელიც გადამდებია. ის ამა თუ იმ ინფექციური აგენტის მეშვეობით ადამიანიდან ადამიანს ან ცხოველიდან ადამიანს გადაეცემა. როგორც წესი, ინფექციის გადამტანი ვირუსი ან ბაქტერიაა, თუმცა თეორიულად ეს შეიძლება იყოს უმარტივესი ორგანიზმებიც, როგორც მალარიის შემთხვევაში ხდება. ეს დაავადება, მართალია, პანდემიის ეტაპს „არ აღწევს“, მაგრამ მას ყოველწლიურად აზიასა და აფრიკაში ასეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
მეოცე საუკუნის შუახანებიდან პანდემიის პოტენციალის მქონე საშიში დაავადებების რისკი სულ უფრო მაღალია. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფრენების სიხშირის მკვეთრი ზრდა. ამ ფაქტორის კარგი ილუსტრაციაა მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელიც 2003 წელს მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში გავრცელდა. პირველი პაციენტი იყო 64 წლის ჩინელი ექიმი, რომელიც ჰონგ-კონგში ქორწილში ჩავიდა. მან თავისი დაავადების შესახებ არაფერი იცოდა და სასტუმროში ყოფნისას დაანფიცირა 16 ადამიანი, რომელთაც, თავის მხრივ, ვირუსი კანადაში, ვიეტნამსა და სინგაპურში ჩაიტანეს.
პანდემიის ზრდის მეორე შესაძლო მიზეზია ცხოველებსა და ადამიანებს შორის კონტაქტის გახშირება, რასაც დედამიწის მოსახლეობის მზარდი რაოდენობის გამო, საკვების მოპოვების აუცილებლობა განაპირობებს. პანდემიების აბსოლუტური უმრავლესობის გადამტანები თავდაპირველად ცხოველების ორგანიზმებში ბუდობენ და ადამიანებზე მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება, ტყეების გაჩეხვა, ჭაობების დაშრობა და სხვა ანთროპოგენული მოქმედებები ანადგურებენ იმ ადგილებს, სადაც ვირუსების მატარებელი ცხოველები ბინადრობენ. ისინი იძულებული არიან, გადავიდნენ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადამიანებით არის დასახლებული. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის სიმჭიდროვე იზრდება, ამ ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ალბათობაც ბევრად გაზრდილია.
როგორ დავიცვა თავი? ნიღაბი ვატარო? ინფიცირებული რეგიონებიდან ჩამოსულებს არ ვეკონტაქტო?
ინფექციისგან სრულად დასაცავი უნივერსალური სტრატეგია არ არსებობს. ყოველ ინფექციას თავისი ნიუანსი აქვს. რაც შეეხება კორონავირუსს, მასაც თავისი ინსტრუქცია აქვს.
ზოგადად, ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციის შემთხვევაში სტანდარტული ჰიგიენური რეკომენდაციები საკმაოდ ეფექტიანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელი ხშირად უნდა დაიბანოთ და დაუბანელი ხელი სახესთან არ მიიტანოთ (ბევრი ვირუსი სხვადასხვა ზედაპირზე დიდხანს ნარჩუნდება და ლორწოვანი გარსის მეშვეობით ორგანიზმში ადვილად აღწევს). სასურველია, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ, არ ეკონტაქტოთ ადამიანებს, რომლებსაც დაავადების აშკარად ნიშნები აქვთ.
თუ ძალიან გინდათ, შეგიძლიათ ქირურგიული ნიღაბი ატაროთ. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ის რესპირატორზე არანაკლებ ეფექტიანია. თუმცა ეს რეგულარულად უნდა აკეთოთ. თუ თქვენ ნიღაბს პერიოდულად იხსნით, რათა „ისუნთქოთ“ და ამასთან, არც ხელს იბანთ ხშირად, არანაირი დამცავი ეფექტი მას არ ექნება.